დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ბრძანებას მოაწერა ხელი

09:47, 06.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიზელის ფასების შესამცირებლად ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ავტომაგისტრალებზე იაფი, დაუბეგრავი დიზელის გამოყენებაა დაშვებული.

აღნიშნულ საწვავს, რომელიც ძირითადად ტრაქტორებსა და სამრეწველო ტექნიკაში გამოიყენება, წითელი საღებავი აქვს, რათა ჩვეულებრივი დიზელისგან გაირჩეს.

ნებრასკის შტატში, რომელიც დიზელის გაძვირების გამო განსაკუთრებით დაზარალდა, საარჩევნო შეხვედრაზე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ბრძანება „ნებისმიერს მისცემს საშუალებას, წითლად შეღებილი დიზელის საწვავი გადასახადის გარეშე იყიდოს“. ბრძანების ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ყველა საქონლის, მათ შორის პროდუქტების გაიაფებასაც შეუწყობს ხელს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ბრძანებით დროებით ნებადართულია „შეღებილი“ დიზელის გამოყენება ავტომაგისტრალებზე, ხოლო შესაბამისი ფედერალური აქციზის გადახდა გადავადდება, რაც ამერიკელების ხარჯებს შეამცირებს.

აშშ-სა და ირანს შორის ომის გამო დიზელის ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ტრამპი კი აცხადებს,  რომ საწვავის გაძვირების მიზეზი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დარტყმებია.

მსგავსი