დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს ხელი მოაწერა
დონალდ ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰონგ კონგთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამას გარდა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება ჰონკონგისთვისს სავაჭრო-ეკონომიკური შეღავათების გაუქმების შესახებ.

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ლიდერმა თეთრი სახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„დღეს მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს და აღმასრულებელ კანონმდებლობას, რათა ჩინეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა ჰონგ კონგის მოსახლეობის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებისთვის.

ჰონგ კონგისადმი ჩვენი მიდგომა ახლა იქნება ისეთივე, როგორც ჩინეთისადმი. არანაირი განსაკუთრებული პრივილეგიები, არანაირი განსაკუთრებული ეკონომიკური შეღავათები, სენსიტიური ტექნოლოგიების არანაირი ექსპორტი. ამასთან ერთად, როგორც იცით, ჩვენ ჩინეთს დიდ ტარიფებს ვუწესებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჰონგ კონგთან დაკავშირებით ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი კონგრესმა დააწესა.

გასულ თვეში ჩინეთმა დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ჰონგ კონგზე პეკინის გავლენას აძლიერებს.