დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა
დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ის პირველად ხელმძღვანელობს.

აშშ-ის ლიდერის თქმით, პეკინი ცდილობს, კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ არ გაიმარჯვოს. ტრამპის თქმით, ამის მიზანი იმ სავაჭრო პოლიტიკის გადახედვაა, რომელსაც დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია ატარებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ დავადგინეთ, რომ ჩინეთი ცდილობდა, ჩარეულიყო ნოემბერში დაგეგმილ აშშ-ის არჩევნებში. პეკინი ჩემი ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მათ არ სურთ, რომ გავიმარჯვოთ, რადგან მე აღმოვჩნდი პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ჩინეთს წინააღმდეგობა გაუწია სავაჭრო სფეროში, რის ხარჯზეც ჩვენ ვიგებთ სავაჭრო სფეროში“, – განაცხადა ტრამპმა.

გასულ კვირას Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს საფრთხეს რუსეთზე მეტად, ჩინეთი უქმნის.
შეგახსნებთ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი ტარიფი დააწესა.