დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა წარადგინა
დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ბრეტ კავანოს კანდიდატურა წარადგინა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ომისა და მშვიდობის საკითხების შემდეგ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რასაც პრეზიდენტები იღებენ.

ტრამპმა ბრიფინგის დროს საზოგადოებას ბრეტ კავანოს შესახებ ესაუბრა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ კავანოს იელის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ახლა კი ჰარვარდში, იელსა და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტებში ლექციებს კითხულობს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნულ თანამდებობაზე მასზე უფრო კვალიფიციური ადამიანი არც მოიძებნება.

თავის მხრივ ბრეტ კავანომ განაცხადა, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი, მას კანონის ინტერპრეტირება უნდა შეეძლოს და არა მისი შექმნა.

ახლა ბრეტ კავანოს კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს, სადაც სავარაუდოდ მას დემოკრატიული პარტია დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. ვინაიდან უზენაესი სასამართლოს წევრად კანდიდატი უვადოდ ინიშნება, არჩევის დროს აღნიშნული საკითხი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ხშირად ხდება დავის საგანი.

ფედერალური მოსამართლე, 55 წლის ბრეტ კავანო ამ მომენტისთვის კოლუმბიის შტატში, სააპელაციო სასამართლოში მუშაობს. ის ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში მუშაობდა და პრეზიდენტ ბილ კლინტონის წინააღმდეგ არსებულ გამოძიების შედეგებზე ანგარიშის მომზადებაში საკვანძო როლი შეასრულა.