აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ისრაელის დედაქალაქი იერუსალიმი უნდა იყოს. ამასთან, პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აშშ-ის პრეზიდენტი იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს მოიაზრებს.
„ჩემი ხედვა ითვალისწინებს სარგებელს ორივე მხარისთვის. რეალისტური გადაწყვეტილებაა ორი სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველზე, რაც პალესტინის სახელმწიფოებრიობის მხრიდან ისრაელის უსაფრთხოების მიმართ რისკს მოხსნის. დღეს ისრაელმა გიგანტური ნაბიჯი გადადგა მშვიდობისკენ. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომაწოდა ინფორმაცია, რომ ჩემი ხედვის, როგორც პალესტინელებთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძვლის მხარდაჭერა სურს. ეს ისტორიული გარღვევაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გეგმის პრეზენტაცია ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად თეთრ სახლში გამართა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი გეგმა შესაძლოა, „ბოლო შანსი“ იყოს პალესტინელებისთვის.
ტრამპის გეგმით, პალესტინელებმა უარი უნდა თქვან ძალადობაზე და შეწყვიტონ იმ ადამიანების ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა, რომლებსაც ისრაელელებზე თავდასხმაში ედებათ ბრალი.
ამასთან, ტრამპის თქმით, ისრაელმა პირველად დაადასტურა „კონცეპტუალური რუკის გამოშვება, რომელზეც ილუსტრირებული იქნება ის ტერიტორიული კომპრომისები, რაზეც ისრაელი მშვიდობის გამო წავა“.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ რუკის მიხედვით, პალესტინის ტერიტორია გაორმაგდება, ხოლო პალესტინის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში იქნება, „სადაც აშშ-ი საელჩოს გახსნის“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დააბანდებს პალესტინის სახელმწიფოში. ტრამპის თქმით, ამის შედეგად შეიქმნება ერთი მილიონი სამუშაო ადგილი.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა დონალდ ტრამპის სიძემ და მისმა მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმა შეიმუშავა.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეგმის მიხედვით, ისრაელის იურისდიქცია გავრცელდება მდინარე იორდანეს ნაწილზე – იორდანეს დაბლობზე და ებრაელთა დასახლებებზე სამარიასა და იუდეაზე. როგორც ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ხვალ რუსეთში გაემგზავრება, სადაც ტრამპის მიერ წარდგენილ წინადადებებს ვლადიმერ პუტინთან განიხილავს.
პალესტინელებმა ტრამპის გეგმა უკვე უარყვეს. პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა ტრამპის გეგმის გამოქვეყნების შემდეგ საგანგებო სხდომა მოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტის გეგმაზე შაბათს საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ არაბული სახელმწიფოების ლიდერებიც.