დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსი ხვალ გასაჯაროვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს გამართული მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერის შინაარსი ხვალ გამოქვეყნდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ტრამპის თქმით, ეს ჩანაწერი ყველაფერს ნათელს მოჰფენს.
„როდესაც ნახავთ ამ სატელეფონო საუბარს და ამას მალე ნახავთ, მიხვდებით, რომ ჩვენი საუბარი იდეალური იყო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რამდენიმე ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში, აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის შესთავაზა ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და მის შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებულ საქმეზე მის პირად ადვოკატთან ეთანამშრომლა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა კომენტარი მის მოსალოდნელ იმპიჩმენტზეც გააკეთა.
„მე ვიგებ გამოკითხვებში. წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შემაჩერონ. ერთადერთი რაც შეუძლიათ სცადონ, იმპიჩმენტია“, – განაცხადა ტრამპმა.