დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა სასამართლოს წინაშე რვა ბრალდება აღიარა
დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა სასამართლოს წინაშე რვა ბრალდება აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მანჰეტენის სასამართლოს წინაშე რვა ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კოენმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები, საგადასახადო და საბანკო თაღლითობები აღიარა.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, კოენმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოქმედებდა.

კოენის მიერ ბრალდებების აღიარებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა დონალდ ტრამპმა. აღნიშნულ საკითხს არც თეთრ სახლში გამოეხმაურნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი ადვოკატის წინააღმდეგ ბრალდებები 65-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მაიკლ კოენს იმედი აქვს, რომ პროკურორებთან გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მისი სასჯელი ხუთ წლამდე შემცირდება.

როგორც BBC-ი იუწყება, მაიკლ კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოენის გათავისუფლება შესაძლებელია 500 000 აშშ დოლარის გირაოს გადახდის, პასპორტისა და იარაღების ჩაბარების შემდეგ.