დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი აცხადებს, რომ ტრამპი გეგმავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გეგმავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, თუმცა უსაფრთხოების გარანტიები ევროპელებმა უნდა უზრუნველყონ.
„მომავალ კვირაში ევროპაში იქნებიან ჩვენი სახელმწიფო მდივანი, პენტაგონის ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, რომლებიც დეტალურად განიხილავენ ამ ომის დასრულების გზებს“, – განაცხადა უოლცმა.
მისივე თქმით, აუცილებელია ყველა მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა.
„რუსეთის ეკონომიკა თავს კარგად არ გრძნობს. ტრამპი დაჰპირდა ახალ გადასახადებს, ტარიფებს, ახალ სანქციებს. ჩვენ გვჭირდება ყველა მხარე მაგიდასთან. ეს გამომდინარეობდა საუბრებიდან ჩინეთის პრეზიდენტთან, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან, ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან. ყველა მზადაა, დაეხმაროს პრეზიდენტ ტრამპს ამ ომთან დაკავშირებით. მოდით, დავსვათ ორივე მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა უოლცმა.
მაიკ უოლცის განმარტებით, ტრამპს მზად აქვს ყველა ეს საკითხი მომავალ კვირაში განსახილველად.
„მათ შორის საუბარია უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მომავალზე. ჩვენ უნდა ამოვიღოთ უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯები უკრაინელებთან პარტნიორობით, მათი იშვიათი ლითონების საბადოებით, ბუნებრივი რესურსებით, ნავთობითა და გაზით, ასევე ჩვენი პროდუქციით“, – განაცხადა უოლცმა.
ამასთან, უოლცმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ევროპელებმა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ომის შემდეგ.
„მთავარი პრინციპი აქ ისაა, რომ ევროპელებმა უნდა აიღონ ეს კონფლიქტი საკუთარ თავზე. პრეზიდენტი ტრამპი აპირებს მის დასრულებას, ხოლო შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ევროპელების პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა უოლცმა.