დონალდ ტრამპის მრჩეველი ჰოუპ ჰიკსი თანამდებობას ტოვებს
დონალდ ტრამპის მრჩეველი ჰოუპ ჰიკსი თანამდებობას ტოვებს

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მრჩეველი ჰოუპ ჰიკსი თანამდებობას ტოვებს.

ჰიკსის გადადგომის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა.

ამ განცხადებამდე, 2016 წლის არჩევნების დროს რუსეთის ჩარევის შესახებ გამოძიების ფარგლებში, ჰიკსს ცხრა საათი კითხავდნენ. დაკითხვა დახურულ კარს მიღმა წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტზე ჩატარდა.

სარა სანდერსის განცხადებით, ჰიკსის გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ უკავშირდება მის დაკითხვას. კანონმდებლების თქმით კი, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა ჰიკსმა ადმინისტრაციის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა.
კონკრეტული თარიღი, თუ როდის დატოვებს პოსტს ჰოუპ ჰიკსი, არ სახელდება.

ჰიკსის სახელი ფიგურირებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყოფილი მდივნის რობ პორტერის გარშემო მომხდარ მითქმა-მოთქმაში.

როცა პორტერის შესახებ ოჯახური ძალადობის ბრალდებები გაჟღერდა, ჰიკსი მის დაცვაზე მუშაობდა. საბოლოოდ. პორტერს თანამდებობიდან გადადგომა მოუხდა.