ოფიციალური პეკინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს
ოფიციალური პეკინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს

დონალდ ტრამპის მიერ ჰონკონგში დემოკრატიის მხარდასაჭერი კანონის ხელის მოწერის გამო, ოფიციალური პეკინი ამერიკის შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. ჩინეთი ამერიკის მთავრობას მოუწოდებს, არ ჩაერიოს ჰონკონგის საქმეში.

ოფიციალური ჩინეთის პოზიცია, პეკინში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ტერი ბრენსტედს გააცნეს, რომელიც სპეციალურად ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ თუ ამერიკა კურსს არ შეიცვლის, ეს ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონკონგში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ კანონს ხელი გუშინ მოაწერა. დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს, სულ მცირე წელიწადში ერთხელ წარუდგინოს კონგრესს ანგარიში ჰონკონგში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, იმის შესახებ, ფლობს თუ არა ჰონკონგი ავტონომიის საკმარის ხარისხს იმისთვის, რომ აშშ-მა მას ვაჭრობის შეღავათიანი პირობები შეუნარჩუნოს.

ასევე, კანონი ჰონკონგში ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს.