დონალდ ტრამპი - მედიიდან შევიტყვე, რომ იუსტიციის სამინისტრო ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრების საქმიანობის გამოძიებას აპირებს, მოხარული ვარ, მათ ეს დაიმსახურეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან მედიიდან შეიტყო ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრების საქმიანობის გამოძიებას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „სიენბისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის განცხადებით, მას ამ გადაწყვეტილებასთან არაფერი აქვს საერთო.
„მე ამასთან არაფერი მაქვს საერთო. მე ამას ვიტყვი: მათ ეს დაიმსახურეს. მე მოხარული ვარ, რომ ეს მოვისმინე“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს გამოძიება, როგორ მოქმედებდნენ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წევრები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ დაზვერვის მონაცემების დამუშავებისას.
ბოლო კვირების განმავლობაში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა გრიფით საიდუმლო მოხსნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებულ რიგ დოკუმენტებს და განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის წევრების მხრიდან გამოიკვეთა „მოღალატეობრივი შეთქმულების“ ნიშნები. გაბარდი ვარაუდობს, რომ ობამას ადმინისტრაციის წევრები სადაზვერვო მონაცემებით მანიპულირებდნენ, რათა ტრამპისთვის ზიანი მიეყენებინათ.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჰარისონ ფილდსმა განაცხადა, რომ, გაბარდის ინფორმაციის საფუძველზე, ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, ჩაატაროს ამ საკითხზე დეტალური გამოძიება, რათა ამერიკელმა ხალხმა იცოდეს სიმართლე, როგორ მოქმედებდნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელთა მიზანიც იყო, ზიანი მიეყენებინათ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ძირი გამოეთხარათ ამერიკელი ხალხის ნებისთვის.
ცნობისთვის, 2017 წელის იანვარში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, ჩატარებულიყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის ხელშეწყობას. ამ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებისა და რუსეთის შეთქმულება არ დადასტურდა.