დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანში ომის დასაფინანსებლად მეტი თანხა სჭირდება, პიტ ჰეგსეტი კი აღნიშნავს, რომ „ცუდი ბიჭების მოსაკლავად ფულია საჭირო“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ქვეყანას ირანში ომის დასაფინანსებლად მეტი თანხა სჭირდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ომი თითქმის დასრულებულია, რატომ აპირებს პენტაგონი, რომ კონგრესს დამატებით 200 მილიარდი დოლარის სთხოვოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ბიუჯეტი მხოლოდ ირანთან დაკავშირებულ ოპერაციებს არ ეხება და უფრო ფართო უსაფრთხოების საჭიროებებს მოიცავს.
„ჩვენ დამატებით დაფინანსებას მრავალი მიზეზის გამო ვითხოვთ, არამხოლოდ ირანთან დაკავშირებული საკითხების. მსოფლიო ძალიან არასტაბილურია, ხოლო სამხედრო ტექნიკის შესაძლებლობები წარმოუდგენელია. ჩვენ გვინდა, გვქონდეს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. ეს არის მცირე ფასი იმისთვის, რომ ლიდერ პოზიციაზე დავრჩეთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია და ფლობს მოწინავე სამხედრო ტექნიკას.
„ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა და საუკეთესო ტექნიკა. ცოტა ხნის წინ 114 რაკეტა ისროლეს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე და ყველა მათგანი განადგურდა ჩვენი სისტემების საშუალებით. ჩვენი ყველა აღჭურვილობა რეალურად საოცარია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის გაწეული მასშტაბური დახმარების გამო გააკრიტიკა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა კი განაცხადა, რომ „ცუდი ბიჭების მოსაკლავად ფულია საჭირო“, ამიტომ დაფინანსება, შესაძლოა, გაიზარდოს.
„რაც შეეხება 200 მილიარდ დოლარს, ეს რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს. აშკარაა, რომ ცუდი ბიჭების მოსაკლავად ფულია საჭირო. ჩვენ ვბრუნდებით კონგრესში, რათა უზრუნველვყოთ სათანადო დაფინანსება უკვე განხორციელებული და შესაძლო სამომავლო ოპერაციებისთვის“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რესურსი ასევე მიმართული იქნება სამხედრო მარაგების სრულად აღდგენისა და გაძლიერებისკენ.
„ჩვენ არა მხოლოდ აღვადგენთ დახარჯულ რესურსებს, არამედ გავზრდით მათ. სამხედრო წარმოება დღეს უპრეცედენტო დონეზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ომის მდივანმა.