დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, „რესპუბლიკელების“ ყრილობა ჩრდილოეთ კაროლინაში აღარ გაიმართება
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, „რესპუბლიკელების“ ყრილობა ჩრდილოეთ კაროლინაში აღარ გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, „რესპუბლიკელების“ ეროვნული ყრილობა ჩრდილოეთ კაროლინაში აღარ გაიმართება. ამის მიზეზი შტატის გუბერნატორის მიერ დაწესებული წესებია, რომლის მიხედვითაც აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა.

ჩრდილოეთ კაროლინას „დემოკრატმა“ გუბერნატორმა, როი კუპერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, შარლოტში „რესპუბლიკელების“ ყრილობის იმ ფორმატით ჩატარება, რომლითაც დაგეგმილი იყო, შეუძლებელია.

„ჩვენ ახლა გვაიძულებენ, რომ სხვა შტატი მოვძებნოთ, რათა 2020 წლის რესპუბლიკელების ეროვნული ყრილობა გავმართოთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ყრილობაზე დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა წარადგინონ.

ყრილობის ჩატარება განიხილება ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში. ასევე შესაძლებელია, ყრილობის ფორმატი შეიცვალოს და ხმის მიცემა შარლოტში შედგეს, ხოლო სიტყვით გამოსვლა სხვა ქალაქში, მაგალითად ფლორიდის ჯექსონვილში ან ლას ვეგასში.

„დემოკრატებმა“ მილუოკიში, 17 აგვისტოს დაგეგმილი ეროვნული ყრილობა გადადეს და და შეკრების ფორმატის ცვლილებას განიხილავენ.