დონალდ ტრამპის ადვოკატმა წარადგინა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ამტკიცებს, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნები გაყალბდა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა, რუდი ჯულიანიმ ჯორჯიის შტატში სენატის იურიდიულ ქვეკომიტეტს სათვალთვალო კამერის ის ჩანაწერი წარუდგინა, რომელიც სავარაუდოდ შტატში არჩევნების გაყალბების ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სიბიესი“ ავრცელებს.
ვიდეოჩანაწერი ჯორჯიის შტატში ხმის მიცემის ყველაზე დიდი ცენტრიდანაა წარმოდგენილი.
აღნიშნული ვიდეო დონალდ ტრამპის ადვოკატთა გუნდის მიერ წარდგენილი პირველი ვიდეომტკიცებულებაა, სადაც სავარაუდოდ ნაჩვენებია, მაგიდის ქვემოდან როგორ გამოაქვთ ადამიანებს ბიულეტენების სულ მცირე ოთხი ყუთი და ხმებს მას შემდგომ ითვლიან, რაც ადგილზე არჩევნების დამკვირვებლები აღარ იმყოფებიან.
მიიჩნევა, რომ თითოეულ ყუთში დაახლოებით 6 000 ბიულეტენი იყო მოთავსებული, რაც 24 000 პოტენციურ ხმას გულისხმობს. თუმცა, სულ მცირე შტატის ერთმა კანონმდებელმა ეჭვქვეშ დააყენა ვიდეოს ნამდვილობის საკითხი. ჯულიანიმ და მისმა გუნდმა ასევე მოწმეთა ის ჩვენებებიც წარადგინეს, რომელიც სავარაუდოდ დამატებითი გაყალბების ფაქტებს ადასტურებს.
ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. დონალდ ტრამპი მარცხს არ აღიარებს და არჩევნების შედეგების ასაჩივრებს.