დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი კონგრესში დაიბარეს
დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი კონგრესში დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატი რუდი ჯულიანი კონგრესში დაიბარეს. ამის შესახებ ნათქვამია წარმომადგენელთა პალატის სამი კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაში.

კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი და ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ელაიჯა კამინგსი მიიჩნევენ, რომ რუდი ჯულიანმა პასუხი უნდა გასცეს დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლის მცდელობის საქმესთან დაკავშირებულ შეკითხვებს. დემოკრატი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ რუდი ჯულიანი აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

კონგრესმენები რუდი ჯულიანს 15 ოქტომბრამდე ვლადიმირ ზელენსკისთან საუბართან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის წარდგენას სთხოვენ.

„მზარდი საჯარო ჩანაწერები მიუთითებს, რომ პრეზიდენტი, მისი აგენტი რუდი ჯულიანი და სხვები, როგორც ჩანს, ცდილობდნენ უკრაინის მთავრობაზე ზეწოლას, რათა ჩაეტარებინათ ორი პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება. კომიტეტებს აქვთ საფუძველი მიიჩნიონ, რომ თქვენ ფლობთ ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტებს“, – ნათქვამია კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებაში, რომელსაც ამერიკული მედია ავრცელებს.

აშშ-ის კონგრესის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა, ეიძულებინა კიევი, ჩაეტარებინა პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიება 2020 წლის არჩევნებისთვის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმიჯის შესალახად. გასულ კვირას თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც წარმომადგენელთა პალატაში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.