დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, თუმცა შეთანხმება ავტომატურად არ უქმდება და ვადის ამოწურვამდე დარჩება ძალაში
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების (USMCA) გაგრძელებაზე უარი თქვა. „როიტერის“ ინფორმაციით, სავაჭრო შეთანხმება ავტომატურად არ უქმდება და მოქმედების ვადის ამოწურვამდე კიდევ ათი წლით დარჩება ძალაში. მედიის ცნობით, ამ ათი წლის განმავლობაში მისი ყოველწლიური გადახედვა მოხდება.
„შეერთებული შტატები არ დათანხმდა USMCA-ს განახლებას მისი ამჟამინდელი ფორმით. შედეგად, USMCA არ განახლდება. შეერთებული შტატები გააგრძელებს თანამშრომლობას მექსიკასთან და კანადასთან, რათა მოაგვაროს შეთანხმების ნაკლოვანებები და ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ამ ქვეყნებთან“, – განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯემისონ გრირმა განცხადებაში.
მისივე თქმით, ვაშინგტონისგან მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან მექსიკასთან და კანადასთან აშშ-ის საქონლის სავაჭრო დეფიციტი მუდმივად იზრდება.
ცნობისთვის, USMCA თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, რომელიც 2020 წელს შევიდა ძალაში და ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA) ჩაანაცვლა. ის მიზნად ისახავს სამ ქვეყანას შორის ვაჭრობის გამარტივებას, ტარიფების შემცირებას, შრომითი და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაძლიერებას, ინტელექტუალური საკუთრების უკეთ დაცვას, ციფრული ვაჭრობის რეგულირებას და საავტომობილო ინდუსტრიისთვის ახალი წესების დაწესებას, რათა რეგიონში წარმოება და ეკონომიკური თანამშრომლობა გაძლიერდეს.