დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შტატების გუბერნატორებზე ზემოქმედებას აპირებს, რათა შემოდგომიდან სკოლები გახსნან
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შტატების გუბერნატორებზე ზემოქმედებას აპირებს, რათა შემოდგომიდან სკოლები გახსნან

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტატების გუბერნატორებზე ზემოქმედებას აპირებს, რომ მათ შემოდგომიდან სკოლები გახსნან.

ამის შესახებ თავად დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიება აშშ-ში სასწავლო პროცესის განახლებას ეხებოდა და მასში პრეზიდენტთან ერთად პირველი ლედი – მელანია ტრამპიც მონაწილეობდა.

„ჩვენ არ გვსურს, ადამიანებმა პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, ან ეს პოლიტიკური მიზნებით გააკეთონ. ისინი ფიქრობენ, რომ ეს მათთვის კარგი იქნება პოლიტიკურად, თუ სკოლებს არ გახსნიან. ეს ასე არაა. ასე რომ, სკოლების გასახსნელად ჩვენ გუბერნატორებზე და ყველაზე ზემოქმედებას განვახორციელებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერის თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.

„ჩვენი ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე და მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება მას, თუ სკოლები დახურული იქნება. ყველას სურს ეს – დედებს, მამებს და ბავშვებს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის დონე შემცირდა, რაც დამაიმედებელი თერაპიის შედეგია.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მდივანმა ალექს აზარმა აღნიშნა, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

„ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები სკოლების გასახსნელად. ახლა ჩვენ სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2-3 თვის წინ ვიყავით“, – განაცხადა ჯანდაცვის მდივანმა.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას პედიატრთა ამერიკული აკადემიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი