დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიუ იორკის, სიეტლისა და პორტლენდის დაფინანსების შემცირებას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიუ იორკის, სიეტლისა და პორტლენდის დაფინანსების შემცირებას აპირებს.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, გადაწყვეტილება ამ ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო მიიღეს. ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქალაქების მთავრობა დამნაშავეებს ხელს უწყობენ.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ „ანარქისტების ქალაქების“ სიაში მოხვდა სიეტლი, პორტლენდი და ნიუ იორკი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყვანილია ამ ქალაქებში ჩადენილი დანაშაულებების სტატისტიკა და პოლიციის ქმედებების ანალიზი, რასაც ფედერალური მთავრობა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან თანხა გაიფლანგოს, მაშინ როდესაც მოქალაქეების უსაფრთხოებას დაცული არ არის“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრამპის ადმინისტრაცია მოუწოდებს პორტლენდის, ნიუ იორკისა და სიეტლის მთავრობას „შეცვალონ კურსი და სერიოზულად მოეკიდონ მოქალაქეების დაცვის საკითხს“.
ნიუ იორკის მერმა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას „პოლიტიკური ხრიკი“ უწოდა. მისივე თქმით, თუ ნიუ იორკი „ანარქისტი ქალაქების“ სიაში მოხვდება, მერიის იურიდიული დეპარტამენტი სასამართლოს მიმართავს.
ნიუ იორკში, პორტლენდსა და სიეტლში მთელი ზაფხულის განმავლობაში რასობრივი დისკრიმინაციისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები არ წყდება.
ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ის ქალაქებში ძალადობრივი დანაშაულებების რიცხვი 1990-იან წლებიდან მცირდება. თუმცა, წელს კრიმინალური შემთხვევების რიცხვის მატებაა ფილადელფიაში, ჩიკაგოსა და ნიუ იორკში.