დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მინესოტას ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს უჩერებს
ტრამპის ადმინისტრაცია მინესოტას ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს უჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსის თქმით, შტატში Medicare-ისა და Medicaid-ის პროგრამებისთვის განკუთვნილი ფედერალური სახსრები მოიპარეს. ჯეი დი ვენსმა დემოკრატების მიერ მართული შტატი ფედერალურ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვაჩერებთ ფედერალურ გადახდებს, რომლებიც შტატის მთავრობას გადაეცემა, რათა უზრუნველვყოთ, რომ მინესოტის შტატი სერიოზულად მოეკიდოს თავის ვალდებულებებს, იყოს ამერიკელი ხალხის ფულის კარგი მმართველი. ჩვენ ვაჩერებთ ფედერალურ გადახდებს, ვიდრე შტატის მთავრობა სერიოზულად არ მოეკიდება თავის ვალდებულებებს, შეაჩეროს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების წინააღმდეგ ჩადენილი თაღლითობა“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
გადაწყვეტილებას მინესოტის გუბერნატორი, ტიმ უოლცი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს შურისძიების კამპანიაა“.
„ტრამპი მთელ ფედერალურ მთავრობას იარაღად იყენებს მინესოტის მსგავსი შტატების დასასჯელად“, – განაცხადა უოლცმა.
ამასთან, Medicare-ისა და Medicaid-ის სერვისების ცენტრების ადმინისტრატორმა, მეჰმეტ ოზმა განაცხადა, რომ მინესოტას ფედერალური Medicaid-ის დაფინანსებიდან 259 მილიონი დოლარი დროებით არ გადაეცემა.
Medicaid-ი დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური პროგრამაა. ოფიციალური მონაცემებით, მინესოტაში დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი სარგებლობს Medicaid-ით, ხოლო პროგრამის ბენეფიციართა 40% ბავშვია.