დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვას გეგმავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების შეზღუდვას გეგმავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდავს კონგრესთან საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებას მას შემდეგ, რაც „სიენენმა“ გაავრცელა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ადრეული შეფასება, რომელიც ვარაუდობდა, რომ ირანზე თავდასხმებმა არ გაანადგურა ბირთვული ობიექტები.

როგორც თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირმა „სიენენს“ განუცხადა, ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს ადრეული მოხსენების გაჟონვა მას შემდეგ მოხდა, რაც შეფასება განთავსდა CAPNET-ზე, სისტემაზე, რომელიც გამოიყენება კონგრესთან საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად. ამის გამო ადმინისტრაცია ნაკლებ ინფორმაციას გააზიარებს ამ სისტემაში.

ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი დღეს ირანთან დაკავშირებით სენატში ბრიფინგს გამართავენ.