დონალდ ტრამპი - ზელენსკი ამბობდა, კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღოო, შემაწუხა ამ ფაქტმა, მას ომში შესვლის თანხმობა ჰქონდა ყველას მოკვლისთვის, მაგრამ მიწების გაცვლისთვის თანხმობა სჭირდება
მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში ომი არ უნდა მომხდარიყო.
„პრეზიდენტმა პუტინმა შემომთავაზა მოლაპარაკებებში ჩართვა. მე მჯერა, რომ მას სურს ამ საქმის დასრულება. რამდენჯერმე ვთქვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, რადგან მასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა და შემდეგ რაკეტები ისროლეს კიევის ან სხვა მიმართულებით. მე ვაპირებ ვლადიმერ პუტინთან საუბარს და ვეტყვი, რომ მან უნდა დაასრულოს ეს ომი. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციული საუბრები გვექნება და შეხვედრის შემდეგ დაუყოვნებლივ შემეძლება, გაფრენისას ან ოთახიდან გამოსვლისას დავურეკო ევროპელ ლიდერებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც მან გააკეთა. ეს ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება. მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ. მინდა, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა დაინიშნოს. ცოტა შემაწუხა იმ ფაქტმა, რომ ზელენსკი ამბობს: „მე კონსტიტუციური თანხმობა უნდა მივიღო“. მას ომში შესვლის თანხმობა ჰქონდა ყველას მოკვლისთვის, მაგრამ მიწების გაცვლისთვის თანხმობა სჭირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, იქნება ტერიტორიების გაცვლა და ეს უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება, მაგრამ ასევე ზოგი ცუდი რამ იქნება ორივე მხარისთვის.
„იქნება ტერიტორიების გაცვლა, ეს ვიცი რუსეთთან, ყველასთან საუბრისგან გამომდინარე. მიწების გაცვლა უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება. ასევე, ზოგიერთი ცუდი რამ იქნება ორივესთვის. არის კარგიც და ცუდიც. ეს ძალიან რთულია, რადგან არსებობს ძალიან არაზუსტი ხაზები და იქნება გარკვეული ცვლილებები. ტერიტორიებში იქნება გარკვეული ცვლილებები. ჩვენ ვაპირებთ, შევცვალოთ საბრძოლო ხაზები. რუსეთმა დაიკავა უკრაინის დიდი ნაწილი. მათ დაიკავეს მნიშვნელოვანი ტერიტორია. ჩვენ ვეცდებით, რომ დავუბრუნოთ ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინას. რუსეთს აქვს ოკუპირებული ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები. თუ გაქვს ტბა, მდინარე ან ოკეანე – ეს ყოველთვის ყველაზე ღირებულია. უკრაინას ადრე ჰქონდა ათასი მილი სანაპირო ზოლი. ეს გაქრა. ერთი პატარა უბნის გარდა – ოდესა, პატარა უბანი, ცოტაოდენი წყალია დარჩენილი. ასე რომ, წავალ და ვნახავ სიტუაციას. შეიძლება, წამოვიდე და ვთქვა – წარმატებები, და ეს იქნება დასასრული. შეიძლება, ვთქვა, რომ ეს არ მოგვარდება. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევენ, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ვფიქრობ, მე რომ არა, ის სხვა არავისთან ისაუბრებდა. მაგრამ მე შევხვდები მას და ვნახავ, რა სიტუაციაა. დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შეხვედრის შემდეგ. ჩემზე არ არის დამოკიდებული გარიგების დადება“, – აღნიშნა ტრამპმა.