დონალდ ტრამპი – ვლადიმერ პუტინს მივიჩნევ ადამიანად, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეს ურთიერთობა მართლაც ძალიან კარგია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა პუტინს შეერთებული შტატების მეგობრად, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.
„ამერიკის სახელით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ტრამპმა და ყურადღება რუსეთის ლიდერთან პირად ურთიერთობაზე გადაიტანა.
„მე მას მივიჩნევ ადამიანად, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სინამდვილეში, ეს ურთიერთობა მართლაც ძალიან კარგია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიხსენა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე ჩატარებული ფედერალური გამოძიება და მას დემოკრატების მიერ შექმნილი სიყალბე უწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამ საქმემ, შესაძლოა, არჩევნებში გამარჯვებაშიც კი შეუწყო ხელი.