დონალდ ტრამპი - ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების დარეგულირებას შევძლებ
დონალდ ტრამპი - ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების დარეგულირებას შევძლებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობები რადიკალურად იცვლება უკეთესობისკენ. ვაშინგტონში, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ესაუბრა თუ არა პირადად ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, თუმცა თქვა, რომ ვაშინგტონმა ფხენიანთან კარგი, სამუშაო ურთიერთობები ჩამოაყალიბა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა მზადდება და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაზე რაღაც შთამბეჭდავი მოხდება.

„მე ვფიქრობ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა, ვცადო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების დარეგულირება. თუ არ გამომივა, ძალიან რთული დრო დადგება ბევრი ქვეყნისთვის დ ბევრი ხალხისთვის. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამის გაკეთებას მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ეს მსოფლიოს პრობლემაა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.