დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მოვაგვარე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის, ვფიქრობ, ისინი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე მეგონა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოვაწყობდი ამ ორის შეხვედრას
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, მოვაგვარე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის, ვფიქრობ, ისინი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე მეგონა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოვაწყობდი ამ ორის შეხვედრას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან, სავარაუდოდ, „მოაგვარა შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის“.

„მე თითქოსდა მოვაწყვე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის და სწორედ მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ 7 000 მილით შორს ვიმყოფებით. მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობთ, შევთანხმდეთ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ვნახოთ, რა მოხდება. თუ გამოვა, მაშინ მე სამმხრივ შეხვედრაზე წავალ და დავასრულებ მას“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე ფიქრობდა.

„ვფიქრობ, ისინი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე მეგონა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოვაწყობდი ამ ორის შეხვედრას. მე მოვაწყობდი სამმხრივს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკეთ მიდის საქმე. უკრაინა თავის ცხოვრებას დაიბრუნებს. ისინი ბევრ მიწას მიიღებენ. ეს იყო ომი და რუსეთი ძლევამოსილი სამხედრო ძალაა, მოსწონს თუ არა ეს ხალხს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში საუბარი არ არის ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე.

დონალდ ტრამპი, ასევე, აღნიშნავს, რომ მასა და ვლადიმერ პუტინს შორის უფრო დამთბარია ურთიერთობა და ეს ანკორიჯის სამიტზეც იგრძნობოდა. ტრამპის თქმით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ დაურეკავს პუტინისთვის, რადგან ეს უპატივცემულობა იქნებოდა რუსეთის ლიდერის მიმართ.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს ესაუბრა, თუმცა არა სტუმრების თანდასწრებით, რომლებსაც, ტრამპის თქმით, ბაიდენის პერიოდიდან მოყოლებული, არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ პუტინთან.

„შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან დარეკვას ვაპირებდი და პუტინი ელოდა ამას. როდესაც დავურეკე, უკვე ღამის პირველი საათი იყო რუსეთში. გვიანი იყო, მაგრამ მიპასუხა.  ძალიან ბევრს მუშაობს ისიც, როგორც ჩვენ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ვუთხარი, რომ მოვაწყობ შეხვედრას პრეზიდენტ ზელენსკისთან და თქვენ და ის შეხვდებით. ამ შეხვედრის შემდეგ თუ ყველაფერი კარგად წავა, მეც შეგხვდებით და შევაჯამებთ. მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთობა, სხვაგვარად ეს დროის კარგვაა. მე ამის დასრულება მსურს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მომხრეა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი, მისგან განსხვავებით, არ ჩქარობს. მისივე თქმით, თეთრ სახლში ევროპელების მასპინძლობის დროს ერთ-ერთმა მათგანმა ურჩია, მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ ერთხელ შეხვედრილიყვნენ. თუმცა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერზეა საუბარი.

„ერთ-ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც შესანიშნავი ადამიანია – იმედია, არ ვაწყენინე – თქვა, „მოდით, შევხვდეთ ერთ-ორ თვეში“. მე ვუპასუხე, რომ ერთ-ორ თვეში კიდევ 40 000 დაღუპული იქნება. ეს ამაღამვე უნდა გავაკეთოთ-მეთქი, და ასეც მოვიქეცი. მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობ, შევათანხმო მისი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა“, – განაცხადა ტრამპმა.