დონალდ ტრამპი - ვაწარმოებთ ვაქცინას, დავამარცხებთ ვირუსს, დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ კეთილდღეობის უპრეცედენტო ერაში
ვაწარმოებთ ვაქცინას, დავამარცხებთ ვირუსს, დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ კეთილდღეობის უპრეცედენტო ერაში, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
დონალდ ტრამპმა ვრცლად ისაუბრა „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც აშშ და მთელი მსოფლიო დგას.
„მეორე მსოფლიო ომიდან 75 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ ჩართული გლობალურ ბრძოლაში, ბრძოლაში უხილავ მტერთან – ჩინურ ვირუსთან, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე აგრესიული მობილიზაცია გამოვაცხადეთ. ჩვენ სწრაფად დავიწყეთ მართვითი სუნთქვის აპარატების წარმოება, აპრილის შემდეგ 85 პროცენტით შევამცირეთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, სამი ვაქცინა კლინიკური ცდის ეტაპზეა. ჩვენ მათ მასობრივ წარმოებას მოვახდენთ. დავიწყებთ ვაქცინის დისტრიბუციას, დავამარცხებთ ვირუსს, დავასრულებთ პანდემიას და გადავალთ კეთილდღეობის უპრეცედენტო ერაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლის დროს მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
„ვირუსის საწყისს ეტაპზე, ჩინეთმა შიდა ფრენები აკრძალა, თუმცა საერთაშორისო რეისები არა, რითაც მთელი მსოფლიო დააინფიცირა. ჩინეთმა მკაცრად გააკრიტიკა რეისების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩემი გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც მათ შიდა რეისები გაუქმებული ჰქონდათ და ხალხი სახლებში ჰყავდათ გამოკეტილი. ჩინეთის მთავრობამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც ვირტუალურად ჩინეთის მიერ იმართება, მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ არ არსებობდა მტკიცებულება ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესახებ. შემდეგ, ასევე მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს და თქვეს, რომ უსიმპტომო ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები არ იყვნენ. გაერო-მ ჩინეთს პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მისი ქმედებების გამო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს ჩინეთი გარემოს დაბინძურებაშიც დაადანაშაულა. ტრამპის თქმით, გაერო ეფექტური ორგანიზაცია უნდა იყოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს რეალურ პრობლემებზე, როგორიცაა ტერორიზმი, ქალების ჩაგვრა, იძულებითი შრომა, ნარკოტრეფიკი, რელიგიურ ნიადაგზე დევნა და ეთნიკური წმენდა.
ტრამპის თქმით, ამერიკა ყოველთვის იქნება ლიდერი სახელმწიფო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აშშ-ის პრეზიენტმა ასევე ვრცლად ისაუბრა მისი ადმინისტრაციის მიღწევებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ამის მაგალითად რამდენიმე კვირის წინ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმება მოიყვანა.
„როგორც პრეზიდენტი, ამაყად ვაყენებ ამერიკას პირველ ადგილზე, ისევე, როგორც თქვენ უნდა აყენებდეთ თქვენს ქვეყანას პირველ ადგილზე. ეს სწორია, ეს ის არის, რასაც უნდა აკეთებდეთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოსვლის დასასრულს.