დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში შესაძლოა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს
დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში შესაძლოა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს

დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში შესაძლოა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვისას აღნიშნა, რა დროსაც მან სირიაში დაწყებული ოპერაციის გამო თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკული გუნდიდან ყველას, ვინც დაეხმარა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში და ამდენი სიცოცხლის გადარჩენაში. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს – ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად გავიცანი და რომელსაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. თავის გონებაში ის საკუთარი ქვეყნისთვის სწორ რაღაცებს აკეთებს. ჩვენ შეიძლება, შევხვდეთ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე სირიელ ქურთთა შენაერთების მეთაურს, გენერალ მაზლუმ ქობანის გადაუხადა მადლობა „გაგებისა და სიმტკიცისთვის“. ტრამპის თქმით, გენერალმა ქობანიმ იცის, რომ აშშ-მა ათი ათასობით ქურთის სიცოცხლე გადაარჩინა.

დონალ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სირიაში ქურთების წინააღმდეგ ანკარის სამხედრო ოპერაციის შეჩერებაში უდიდესი როლი ითამაშა აშშ-თურქეთის მოლაპარაკებამ და არა სხვა რომელიმე ქვეყანამ.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკული ძალები სირიაში ნავთობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას გააგრძელებენ. თუმცა მისივე თქმით, თურქეთისა და სირიის საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დახმარებაზე პასუხისმგებლობა რეგიონის ქვეყნებმა უნდა აიღონ.