დონალდ ტრამპი თავის ძმისშვილსა და გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ უჩივის
დონალდ ტრამპი თავის ძმისშვილსა და გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ უჩივის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის ძმისშვილს და გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსს“ უჩივის 2018 წელს გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომელშიც მას „საეჭვო საგადასახადო სქემებში“ ადანაშაულებენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ნიო იორკის შტატის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში დონალ ტრამპი მერი ტრამპსა და გამოცემის ჟურნალისტებს ადანაშაულებს შეთქმულებაში კონფიდენციალური დოკუმენტების მოპოვების მიზნით.

სარჩელის თანახმად, მერი ტრამპმა დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას დოკუმენტების გასაჯაროებას უკრძალავდა. სარჩელის ავტორი გამოქვეყნებულ სტატიას მის წინააღმდეგ პერსონალურ შურისძიებად აფასებს.

სარჩელში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და კომპენსაციის სახით ის 100 მილიონ დოლარს ითხოვს.

2020 წელს მერი ტრამპმა გამოაქვეყნა მემუარები სახელწოდებით „ზედმეტად ბევრი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოში ყველაზე საშიში ადამიანი“, სადაც ის აღიარებს, რომ „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიის წყარო იყო.

56 წლის მერი ტრამპი არის ყოფილი პრეზიდენტის უფროსი ძმის ფრედ ტრამპის შვილი. ფრედ ტრამპი 1981 წელს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. დონალდ ტრამპი წიგნში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს და წარუმატებლად მიმართა სასამართლოს მემუარების გამოქვეყნების აკრძალვის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მერი ტრამპმა თავად შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რომელშიც მაშინდელი პრეზიდენტი და მისი ოჯახის ორი წევრი თაღლითობაში და მემკვიდრეობის გარეშე დატოვებაში დაადანაშაულა.