დონალდ ტრამპი - სავარაუდო თაღლითობას ვიკვლევთ სოციალური დაზღვევის პროგრამაში, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანია 140 წლის, ათასზე მეტი - 229 წლის, ხოლო ერთი 360 წლის ამერიკელია
შოკის მომგვრელ არაკომპეტენტურობასა და სავარაუდო თაღლითობას ვიკვლევთ სოციალური დაზღვევის პროგრამაში, რომელზეც ჩვენთვის ძვირფასი ხალხია დამოკიდებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სამთავრობო მონაცემთა ბაზაში აღრიცხული პენსიონერების ასაკი ჩამოთვალა, რომელთა შორის, მაგალითად, ერთი ადამიანია, რომლის ასაკი 229 წელია, ხოლო ერთი ამერიკელის ასაკი – 360 წელი.
„ჩვენ ვიკვლევთ შოკის მომგვრელ არაკომპეტენტურობასა და სავარაუდო თაღლითობას სოციალური დაზღვევის პროგრამაში, რომელზეც ჩვენი უხუცესები და ხალხი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია, არიან დამოკიდებული. წარმოიდგინეთ, სამთავრობო მონაცემთა ბაზა აღრიცხავს: 4.7 მილიონ სოციალური დაზღვევის წევრს 100-დან 109 წლამდე; 3.6 მილიონ ადამიანს – 110-დან 119 წლამდე; 3.47 მილიონ ადამიანს – 120-დან 129 წლამდე; 3.9 მილიონ ადამიანს – 130-დან 139 წლამდე; 3.5 მილიონ ადამიანს – 140-დან 149 წლამდე. მათგან ბევრს ფულს ვუხდიდით. ეს აზიანებს სოციალურ დაზღვევას და ჩვენს ქვეყანას. ასევე, 1.3 მილიონი ადამიანია 150-დან 159 წლამდე; აღრიცხულია 130 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა ასაკია 160 წელზე მეტი. უფრო ჯანმრთელი ქვეყანა გვყავს, ვიდრე მე მეგონა. 1 039 ადამიანია 220-დან 229 წლის ასაკში. ერთი ადამიანია 240-დან 249 წლამდე, ხოლო ერთია ადამიანის ასაკია 360 წელი. ასი წლით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გავარკვევთ, სად მიდის ეს თანხა, და ეს სასიამოვნო არ იქნება. ყველა შესაძლო თაღლითობის და ქურდობის აღმოფხვრით ჩვენ შევძლებთ ინფლაციის დამარცხებას, იპოთეკის განაკვეთების შემცირებას, ავტომობილის გადასახადების დაწევას, სასურსათო მაღაზიების ფასების დაწევას, ჩვენი უხუცესების დაცვას, მეტი ფულის ჩადებას ამერიკელი ოჯახების ჯიბეში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.