დონალდ ტრამპი - სირიის რეჟიმის მიერ სასაკლაოს მოწყობა რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით მოხდა
სირიის რეჟიმის მიერ სასაკლაოს მოწყობა რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით მოხდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ბოლო დროს მსოფლიომ სირიაში ორჯერ ნახა ქიმიური იარაღის შედეგები, რომელიც ასადის რეჟიმმა უდანაშაულო მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა.
სირიის რეჟიმთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა რეგიონის დესტაბილიზაციაში ირანის რეჟიმიც დაადანაშაულა. „ირანის რეჟიმი ძალადობის, ტერორისა და არეულობის ექსპორტს ახდენს. ირანი უკანონოდ ყიდულობს მგრძნობიარე ნივთებს ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის გასაძლიერებლად, ამ რაკეტებს კი მთელ ახლო აღმოსავლეთში ავრცელებს. ირანის რეჟიმი არის ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი და კონფლიქტებს რეგიონის მიღმაც ავრცელებს. ირანის რეჟიმს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა“ – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულება და თქვა, რომ ცალმხრივმა შეთანხმებამ ირანს საშუალება მისცა გაეგრძელებინა გზა ბირთვული ბომბის შექმნისკენ და მისცა ფული, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა, რადგან ძალიან დიდი სირთულეების წინაშე იდგა.
„ირანმა შეთანხმება გამოიყენა ტერორიზმის გასავრცელებლად და ბირთვული შესაძლებლობების ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად. ირანის წინააღმდეგ სანქციები სრულად ნოემბრის დასაწყისში ამოქმედდება. სანქციები იქნება მკაცრი, ვიდრე ოდესმე. ნებისმიერი ინდივიდუალური პირი ან ორგანიზაცია, რომელიც არ დაიცავს სანქციების რეჟიმს, მკაცრი შედეგების წინაშე აღმოჩნდება. მოვუწოდებ ყველას, იმუშაოს აშშ-სთან ერთად, რომ ირანმა მოქმედების მანერა შეცვალოს“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კრიტიკის პარალელურად, დონალდ ტრამპმა სირიის იდლიბის რეგიონში დაძაბულობის შემცირებისთვის ირანს, რუსეთსა და სირიას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დაძაბულობის განეიტრალებით, იდლიბში ასეულობით ათასი სიცოცხლე გადარჩა.