დონალდ ტრამპი - სიხარულით გაცნობებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ს ეწვევიან, მოუთმენლად ველი მეფესთან შეხვედრას, მას დიდ პატივს ვცემ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება შეერთებულ შტატებში ბრიტანეთის მონარქის, მეფე ჩარლზისა და მისი მეუღლის, დედოფალ კამილას ოფიციალურ ვიზიტს.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ვიზიტის ფარგლებში თეთრ სახლში საბანკეტო ვახშამი გაიმართება.
„მელანია და მე სიხარულით გაცნობებთ, რომ მათი უდიდებულესობები, გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი 27-30 აპრილს ისტორიული სახელმწიფო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევიან, რაც 28 აპრილის საღამოს თეთრ სახლში გამართულ ულამაზეს საბანკეტო ვახშამს მოიცავს.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა წელს კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩვენი დიდი ქვეყნის 250 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მოუთმენლად ველი დროის გატარებას მეფესთან ერთად, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ეს შესანიშნავი იქნება“, – წერს დონალდ ტრამპი.