დონალდ ტრამპი - სი ძინპინთან შეხვედრა წარმატებული იყო, ის დიდი ლიდერია, ჩვენ დაუყოვნებლივ შევამცირებთ ტარიფებს ყველა ჩინურ საქონელზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ის დიდი ლიდერია“.
მისი თქმით, სი ძინპინთან საოცარი შეხვედრა გამართა.
„ვფიქრობ, საოცარი შეხვედრა იყო. ის დიდი ლიდერია და ძალიან მტკიცე ქვეყნის, ჩინეთის ლიდერი. მივიღეთ შესანიშნავი გადაწყვეტილებები. არც ისე ბევრი რამ დარჩა განსახილველი. ჩვენ შეთანხმებულები ვართ ბევრ ელემენტზე. დიდი რაოდენობით სოიოსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენა დაუყოვნებლივ დაიწყება. პრეზიდენტმა სი ძინპინმა გუშინ ჩინეთს ამის დაწყების უფლება მისცა. თქვენ იცით, რომ სოიოს და სხვა პროდუქტების დიდი რაოდენობით შეძენას ვაფასებ. ეს ძალიან კარგი ჟესტი იყო. ასევე ფენტანილის საკითხზე შევთანხმდით, რომ ის ძალიან ინტენსიურად იმუშავებს შემოდინების შესაჩერებლად. ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან გამოიყენება სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის ანესთეზიისთვის და სხვა. მაგრამ, ის ძალიან ინტენსიურად იმუშავებს ამაზე. როგორც იცით, დავაწესე 20%-იანი ტარიფი ჩინეთზე ფენტანილის შემოდინების გამო, რაც მაღალი ტარიფია. მისი დღევანდელი განცხადებების საფუძველზე, შევამცირე ტარიფები 10%-ით. იშვიათი მინერალების შესახებ ყველაფერი გადაწყდა. ეს არის სიტუაცია, რომელიც ეხება მსოფლიოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა არის „შესაფერისი“ დრო, რათა აშშ-მა განაახლოს ბირთვული იარაღის გამოცდა, რადგან სხვა მსხვილმა ქვეყნებმა ეს უკვე დაიწყეს.
უკრაინის საკითხზე საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინთან შეთანხმდა, რომ ამ მიმართულებით „ერთად იმუშავებენ“.
„უკრაინაზე დიდხანს ვსაუბრობდით, ერთად ვიმუშავებთ, რათა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს გაკეთებას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ორივე მხარე ჩართულია ბრძოლაში და ზოგჯერ უნდა მისცე ნება იბრძოლონ, მაგრამ სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინაზე. მას გაცილებით მეტი შეუძლია გააკეთოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, 2026 წლის აპრილში ეწვევა ჩინეთს, ხოლო სი ძინპინი ვაშინგტონში ამ ვიზიტის შემდეგ ჩავა.
„აპრილში ჩავალ ჩინეთში და სი ძინპინი აქ ჩამოვა რაღაც დროის შემდეგ, იქნება ეს ფლორიდაში პალმ ბიჩში, თუ ვაშინგტონში“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, 10-ქულიანი შკალით შეხვედრას როგორ შეაფასებს, რაზეც თრამპმა თქვა, რომ „დიდი წარმატება“ იყო.