დონალდ ტრამპი – სი ძინპინთან ჩამოვაყალიბეთ ჭეშმარიტად დიდი მეგობრობა, ვამაყობთ ამ ურთიერთობით, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ორივე ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად

19:06, 24.09.2026

მაისში გვქონდა პატივი, პეკინში ჩამოვსულიყავით, სადაც თქვენ ჩვენი დელეგაცია სანახაობრივი და ძალიან ლამაზი სტუმართმოყვარეობით მიიღეთ. ახლა მელანიას და მე გვაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ვაშინგტონში. პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთის პირველი ლიდერია, რომელიც მეორე ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას სი ძინპინთან დიდი მეგობრობა აკავშირებს.

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სი ძინპინი თეთრ სახლში ბოლოს იმყოფებოდა, შტატებში ბევრი რამ შეიცვალა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი პარტნიორობით ძალიან ამყობენ.

„2016 წელს ჩემი პირველად არჩევის დროიდან მოყოლებული, პრეზიდენტ სი ძინპინთან ჩამოვაყალიბეთ მეგობრობა, ჭეშმარიტად დიდი მეგობრობა, რომელიც რეალურად, ურთიერთპატივისცემასა და ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებზეა აგებული. აღსანიშნავია, რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა აქ, თეთრ სახლში და როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა უკვე დაინახა, ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის ბოლოს აქ იმყოფებოდა. ჩვენი ორი ქვეყანა ნამდვილად ერთსა და იმავეს აკეთებს და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით, ამ ურთიერთობით. ნამდვილად წარმოუდგენელია ურთიერთობა და კულტურული გაცვლა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ისევე როგორც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გადაკვეთეს ოკეანე ვაჭრობისთვის, სწავლისა და უკეთესი სამყაროს ასაშენებლად. ჩვენი ორი ქვეყანა ნამდვილად ერთსა და იმავეს აკეთებს და ძალიან ვამაყობთ ამ ურთიერთობით“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე განმარტებით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, ამერიკელი და ჩინელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის მუშაობა გააგრძელოს.

„ჩვენი გუნდები მუშაობენ უფრო დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების წახალისებაზე, მათ შორის ამერიკელი ფერმერებისა და მეცხოველეებისთვის ბაზარზე ახალი წვდომის შესაძლებლობის ჩათვლით. ვიზიტის დროს ჩვენ ასევე განვიხილავთ უსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და სუპერინტელექტის აქტუალურ საკითხებს. დღეს ამ სფეროებში მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს მშვიდობასა და კეთილდღეობას მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მე და პრეზიდენტი სი გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ჩვენი ორივე ერისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი