დონალდ ტრამპი სექტემბერში „შათდაუნს“ პროგნოზირებს და რესპუბლიკელებს სენატში საპარლამენტო ბლოკირების წესის გაუქმებისკენ მოუწოდებს

03:06, 23.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სექტემბერში მთავრობის მუშაობის მოსალოდნელ გაჩერებას, ე.წ. შათდაუნს პროგნოზირებს და რესპუბლიკელებს სენატში საპარლამენტო ბლოკირების ე.წ. ფილიბუსტერის წესის გაუქმებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, რესპუბლიკელები და დემოკრატები საბიუჯეტო ხარჯების პრიორიტეტებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან.

„ამჟამად კონგრესი მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი გეგმის, რაც შეიძლება დიდი ნაწილი შეიტანოს საბიუჯეტო კანონპროექტში. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რა არის ე.წ. ფილიბუსტერი. მათ უნდა გააუქმონ ე.წ. ფილიბუსტერი და ყველაფერი დაამტკიცონ, რადგან დემოკრატები ამას მაინც გააკეთებენ. დემოკრატები გააუქმებენ ე.წ. ფილიბუსტერს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. ამის შემდეგ ისინი პუერტო-რიკოსა და კოლუმბიის ოლქს შტატის სტატუსს მიანიჭებენ. მათ კიდევ ოთხი სენატორი ეყოლებათ. საბოლოოდ, ისინი კიდევ 12 კონგრესმენს მიიღებენ. ისინი საარჩევნო კოლეგიის დაახლოებით, 40 ხმასაც მოიპოვებენ. თუ მათ ამის გაკეთების უფლებას მისცემენ, იმ დროისთვის მე უკვე სახლში ვიქნები. და მე დიდად არ ვარ მტირალა. არ მგონია, ჩემი ტირილის ნახვა გინდოდეთ. იცით? არიან ადამიანები, რომლებიც ტირილის დროსაც კი ძალიან კარგად გამოიყურებიან. მაგრამ ჩემი ტირილის ნახვა ნამდვილად არ მოგინდებათ. თუმცა, შეიძლება ვიტირო, როცა სახლში ვიქნები და ვიტყვი: „ხომ გეუბნებოდით“. მათ ნამდვილად უნდა გააუქმონ ე.წ. ფილიბუსტერი და ყველაფერი დაუყოვნებლივ დაამტკიცონ, რადგან მთავრობის მუშაობა შეჩერდება. სექტემბერში მთავრობის მუშაობის შეჩერება გველის. დემოკრატები ყველაფერს არ დაამტკიცებენ. ისინი ისეთივე შეშლილები ხდებიან, როგორიც შეშლილი ჯეკ სმიტია. გახსოვთ ის შეშლილი, ავადმყოფი ლეკვი? ისინი შეშლილები არიან და არაფერს დაამტკიცებენ. ამიტომ სექტემბერში ე.წ. შათდაუნი გველოდება. ორი წლის შემდეგ კი სახელმწიფო ვალის ლიმიტის შესახებ კანონპროექტი იქნება მისაღები. მათ ეს ძალიან გაუხარდებათ. მე ამას „1929 წელს“ ვუწოდებ. იცით, რას ნიშნავს 1929 წელი? ეს კარგი წელი არ ყოფილა (დიდი დეპრესიის დასაწყისი) და ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. მათ უნდა გააუქმონ ე.წ. ფილიბუსტერი. ყველამ დაურეკეთ ჯონ ტუნს სენატში. ის რესპუბლიკური პარტიის ლიდერია და უთხარით, რომ ეს ყველაფერი დაამტკიცოს”, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი