დონალდ ტრამპი – სამთავრობო წყაროები, რომლებიც სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაციას მედიაში ასაჯაროებენ, უნდა დახვრიტონ
სამთავრობო წყაროები, რომლებიც სამხედრო გეგმების შესახებ ინფორმაციას მედიაში ასაჯაროებენ, უნდა დახვრიტონ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არიზონაში გამართულ საარჩევნო მიტინგზე განაცხადა.
„ჩემი აზრით, ინფორმაციის გამჟღავნებლები უნდა დახვრიტონ. ადრე ინფორმაციის გამჟღავნებლებს ვხვრეტდით ხოლმე, ხომ იცით?“ – აღნიშნა ტრამპმა, რასაც ბულჰედ სითიში შეკრებილი ხალხის ტაში მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ბუნდოვანია, თუ რომელ სამხედრო ოპერაციას გულისხმობდა დონალდ ტრამპი, თუმცა, როგორც ჩანს, ის აღწერდა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას, რომელიც გასულ წელს განხორციელდა. მას შემდეგ, რაც ისაუბრა „სრულად შეუმჩნეველ“ (stealth) B-2 ტიპის ბომბდამშენებზე, რომლებმაც 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე „ძალიან დიდი ზომის ბომბები“ ჩამოყარეს, ტრამპმა განაცხადა, რომ ვიღაცამ მედიას აცნობა აშშ-ის მიერ თავდასხმის მომზადების შესახებ.
„ისინი ციხეში უნდა ჩასვან ან დახვრიტონ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.