დონალდ ტრამპი სამედიცინო ცენტრიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს - ვფიქრობ, მალე დავბრუნდები
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს. ტრამპი ამბობს, რომ მისი მკურნალობისთვის მომავალი რამდენიმე დღე ნამდვილი გამოცდა იქნება.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ოთხწუთიან ვიდეოში კორონავირუსით ინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანისას თავს ძალიან კარგად არ გრძნობდა, ახლა კი, თავს ბევრად უკეთ გრძნობს.
„მომავალი რამდენიმე დღის პერიოდში, ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილი გამოცდა. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება ამ უახლოეს ორიოდე დღეში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ულტერ რიდის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალს. მისი თქმით, ყველა ერთად მუშაობს თეთრ სახლში მის დასაბრუნებლად.
„მე უნდა დავბრუნდე, რადგან ჩვენ უნდა გავხადოთ ამერიკა დიადი, ჩვენ უკვე შევასრულეთ დიდი სამუშაო ამ მხრივ, თუმცა კიდევ გვაქვს გადასადგმელი ნაბიჯები, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს საქმე. ვფიქრობ, მე მალე დავბრუნდები. მოუთმენლად ველოდები წინასაარჩევნო კამპანიის დასრულებას ისე, როგორც ის დავიწყეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის და მსოფლიო ლიდერებს თანაგრძნობისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველი ლედი მელანია ტრამპი თავს კარგად გრძნობს.
74 წლის დონალდ ტრამპი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მერილენდში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალში პარასკევს გადაიყვანეს. კორონავირუსით ინფიცირებულია მისი მეუღლე მელანია ტრამპიც.