დონალდ ტრამპი - საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ჯონ ბოლტონმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს
საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ჯონ ბოლტონმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ტრამპის თქმით, ჯონ ბოლტონს მთავრობაში დაბრუნების შანსი მისცა, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა კანონი დაარღვია.
„მე საბოლოოდ ვეთანხმები შეუმდგარ პოლიტიკურ კონსულტანტს, სტივ შმიდტს, რომელმაც ჯონ ბოლტონს საზიზღარი ადამიანი უწოდა, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა, დაეცვა ამერიკა. ჯონ ბოლტონმა რომელიც გარიყული იყო, ვიდრე მე არ დავაბრუნე და მივეცი შანსი, საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნებით კანონი დაარღვია. ჯონ ბოლტონმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს, ისევე, როგორც მანამდე სხვებმა. ეს არასდროს აღარ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბოლტონის წიგნი სახელწოდებით „ოთახი, სადაც ეს მოხდა“ 23 ივნისს უნდა გამოვიდეს, თუმცა მედიაში უკვე გავრცელდა წიგნიდან ამონარიდები.