დონალდ ტრამპი – უკრაინაში ომს ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, გარდა იმისა, რომ იარაღს ვყიდით, არ მსურს, ვხედავდე, როგორ იღუპებიან ახალგაზრდები და მხოლოდ ამის გამო ვარ პროცესში
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა.
„მისმინეთ, რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს. რუსეთმა უზარმაზარი რაოდენობის ხალხი დაკარგა, ასევე უკრაინამაც. გასულ თვეში მათ ერთად 35 000 ჯარისკაცი დაკარგეს. დაფიქრდით ამაზე. ეს ყოველთვიურად საშუალოდ 25 000 ადამიანია, ძირითადად ჯარისკაცები, ახალგაზრდა, ლამაზი ადამიანები. და ვნახოთ, როგორ მოხდება ეს. კვირას პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე. და ეს დაახლოებით იგივეა. ისინი უბრალოდ განაგრძობენ ბრძოლას, კარგავენ ჯარისკაცებს, კარგავენ ამდენ ჯარისკაცს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა. რვა ომი მოვაგვარე, ეს იყო ის, რომლის მოგვარებაც ყველაზე ადვილი მეგონა. ორ ლიდერს შორის დიდი ანტიპათიაა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ობამამ უკრაინას 350 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება უბრალოდ აჩუქა, რაც სიგიჟე იყო“.
„უბრალოდ, შეხედეთ, ჩვენ ამასთან არაფერი გვესაქმება. ჩვენ მათთვის იარაღს ვყიდით, არც კი ვჩუქნით. ევროკავშირი ჩვენგან იარაღს ყიდულობს, მაგრამ საქმე ეს არ არის. საქმე იმაშია, რომ ამას ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს, გარდა იმისა, რომ იარაღს ვყიდით. ჩვენ ათასობით მილით ვართ დაშორებული. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ პროცესში ვარ, არის ის, რომ არ მსურს ვხედავდე, როგორ იღუპება ყოველ თვე 25 000 ახალგაზრდა, ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრებას ახლა იწყებენ. ისინი მიდიან ფრონტზე და ფეთქდებიან. უკრაინაც ძალიან ბევრ ადამიანს კარგავს. მთლიანობაში ეს ყველაფერი აბსურდულია. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ არაფორმალური შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საფრანგეთში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი იმართება და აღნიშნა, რომ დღეს მოგვიანებით მასთან კიდევ ერთხელ გამართავს მოლაპარაკებებს.
მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამმხრივი არაფორმალური შეხვედრა გამართეს.