დონალდ ტრამპი - რუსებისა და უკრაინელების მთელი თაობა განადგურებულია, ქალაქები დანგრეულია, დროა, დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა, ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ
ჩვენ ფოკუსირებული ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც შეიძლება მალე და საბოლოოდ მუდმივი მშვიდობის მიღწევაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ემანულ მაკრონთან მისი შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა.
„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანია, დავასრულოთ ბრძოლა, მართლაც საშინელი ბრძოლა, ომი, რომელიც არასდროს გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მომაკვდინებელი და ყველაზე დამანგრეველი კონფლიქტი, რომლის წარმოდგენაც ვინმეს შეუძლია. ყოველ კვირა ათასობით ადამიანი იღუპება. დღეს არის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავი, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. რუსებისა და უკრაინელების მთელი თაობა განადგურებულია, ქალაქები დანგრეულია. დროა, დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ვფიქრობ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ გვქონდა კარგი საუბრები, მათ შორის რუსეთთან. მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში დავბრუნდი, ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ უფრო მეტ პროგრესს მივაღწიეთ, ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე ველაპარაკე ორივე პრეზიდენტს, პუტინსა და ზელენსკის და მშვიდობისთვის ბევრი ძალიან კარგი რამ ხდება, ძალიან სწრაფად. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, რაც შეიძლება მალე და საბოლოოდ მუდმივი მშვიდობის მიღწევაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.