დონალდ ტრამპი - ქარიშხალი ფლორენსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, ყველაზე ძლიერი იყოს
დონალდ ტრამპი - ქარიშხალი ფლორენსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, ყველაზე ძლიერი იყოს

ქარიშხალი ფლორენსი, რომელიც აშშ-ის უახლოვდება, ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიძლება, ყველაზე ძლიერი იყოს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს იქნება ძალიან მასშტაბური შტორმი, ბევრად მასშტაბური, ვიდრე ჩვენ გვინახავს შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა გვეეჭვება, რომ ამ ეტაპზე რამე შეიცვალოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ იმ შტატების ხელისუფლება, რომლებსაც შესაძლოა, სტიქია დაატყდეს თავს, მზადყოფნაშია.

„მე ვესაუბრე სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის გუბერნატორებს. ისინი მზად არიან, ყველა მზად ვართ. შესანიშნავად ვმუშაობთ გუბერნატორებთან კოორდინაციაში“, – განაცხადა ტრამპმა.

ქარიშხალ „ფლორენსს“ სიმძლავრის მიხედვით ხუთიდან მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 58 მეტრს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, „ფლორენსი“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირომდე პარასკევს, 14 სექტემბერს მიაღწევს.

ოთხ შტატში – ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიასა და მერილენდში, ასევე დედაქალაქ ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სანაპირო რაიონებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

დატოვე კომენტარი