დონალდ ტრამპი – პუტინთან დისკუსიებისას დიდი დრო დავუთმე საუბარს, რომ მსურს, ვიხილო, როგორ შეწყვეტს სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება
ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დისკუსიების დროს დიდი დრო დავუთმე იმაზე საუბარს, რომ მსურს, ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას მთელი ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება, თანაც სწრაფად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ნამდვილად მჯერა, რომ სავსებით რეალური შესაძლებლობაა. ყოველთვიურად ათასობით ადამიანი იღუპება, საშინელი სისხლისღვრაა, და ეს ყველასთვის დიდი შვება იქნება. დიდი პატივი იყო გუშინ მარ-ა-ლაგოში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრა, სადაც ბევრი თემა განვიხილეთ და მას პრეზიდენტ პუტინთან ჩემი მოლაპარაკებების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია“, – აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
„შეხვედრა ძალიან შედეგიანი იყო, ხოლო განხილვის მთავარ თემებს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ირანში არსებული კონფლიქტი წარმოადგენდა. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ყველა ის რეკორდული მიღწევა, რომლებსაც აშშ-მა და ნატო-მ ერთობლივად მიაღწიეს ჰააგისა და ანკარის სამიტებზე. ჩვენ ასევე ვრცლად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთმა და უკრაინამ თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც განზრახ ან უნებლიეთ ომის გაფართოებას გამოიწვევს – ასევე ვისაუბრეთ ომის მშვიდობიანი გზით რაც შეიძლება სწრაფად მოგვარების მნიშვნელობაზე! დაბოლოს, ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის ხარჯები და ინვესტიციები ჩვენს სამრეწველო ბაზაში, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ ნატო-ში. ნატო-ს გავაცანი ის უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც ჩვენი თავდაცვის კომპანიები აღწევენ ამჟამად მშენებარე 20-ზე მეტ ახალ ობიექტზე. ამ კომპანიების მიმართულება „პეტრიოტების“, THAAD-ის სისტემების, „ტომაჰავკებისა“ და მრავალი ახალი როგორც შეტევითი, ისე თავდაცვითი იარაღის წარმოებაა, რომლებიც საზოგადოებასა და სხვა ქვეყნებს ჯერ არ უნახავთ. არასდროს ყოფილა დრო, როდესაც შეერთებული შტატები იმაზე მეტ სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალას აწარმოებდა, ვიდრე ახლა. ჩვენი „მარაგები“ მალე სრულად შეივსება და როდესაც ეს მოხდება, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში ამით დიდ სარგებელს მიიღებენ“, – აღნიშნულია ტრამპისა და რუტეს ერთობლივ განცხადებაში.