დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არის „ესკალაცია, რომელმაც შესაძლოა, ომის დასრულებას შეუწყოს ხელი“

18:02, 08.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომზე  თავდაპირველად ფიქრობდა, რომ კონფლიქტის დასრულება ყველაზე მარტივი იქნებოდა, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა.

„ბევრი ომი დავასრულეთ და მეგონა, ეს იქნებოდა ყველაზე ადვილი, მაგრამ პუტინიც რთული ადამიანია და ზელენსკიც. ეს სულაც არ არის მარტივი საქმე და დიდ ძალისხმევას მოითხოვს“, – განაცხადა ტრამპმა ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა შეაფასა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები და აღნიშნა, რომ ეს „ესკალაციაა, რომელმაც შესაძლოა, ომის დასრულებას შეუწყოს ხელი“.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მასა და ზელენსკის შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ოვალურ კაბინეტში შეხვედრიდან დღემდე“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა უკრაინის მომავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს.

„ვფიქრობ, ის დიდ ქვეყანას ააშენებს. უკრაინას იშვიათი მინერალების ერთ-ერთი უმდიდრესი მარაგი აქვს და ამ მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეწვევა თუ არა უკრაინას, ტრამპმა უპასუხა, რომ ამისთვის მზად არის, თუმცა ურჩევნია, ომი მანამდე დასრულდეს.

კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ უკრაინის ცის დასაცავად, თუ რუსეთი ახალ შეტევას განახორციელებს, ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს შესაძლებელია, თუმცა იმედი აქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ამის საჭიროება აღარ იქნება.

მსგავსი