დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხრივ ვითარება გამოასწორეს
დონალდ ტრამპი - ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხრივ ვითარება გამოასწორეს

ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხრივ ვითარება გამოასწორეს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპმა საუბრის დროს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ალიანსის ბიუჯეტში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხას რიცხავს. თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა სახელმწიფოებიც ამავეს გააკეთებენ და თავდაცვის ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდიან.

დონალდ ტრამპმა მაგალითად გერმანია მოიყვანა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ძალიან უყვარს გერმანია, რადგან თავადაც წარმოშობით გერმანიიდან არის, თუმცა ფაქტი, რომ ბერლინი თავდაცვის სფეროში მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ ერთ პროცენტს ხარჯავს, უნდა შეიცვალოს.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის კვლავ მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.

თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი შეხვედრის დროს მხარეები მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მისი თქმით, მათ შორის იქნება გლობალური გამოწვევა – ტერორიზმი.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-მ და მისმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად ყველაფერი გააკეთეს და მიზანს მიაღწიეს კიდეც, ახლა კი, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დაეში აღარ დაბრუნდეს.

იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონს ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრობს. ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი 4 აპრილამდე გაგრძელდება.