დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის სფეროში ხარჯების გაორმაგებისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის სფეროში ხარჯების გაორმაგებისკენ მოუწოდებს

დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვის სფეროში ხარჯების გაორმაგებისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა პარტნიორებს თავდაცვის სფეროში ხარჯების ოთხ პროცენტამდე გაზრდისკენ მოუწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის განცხადებას უკვე გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივანი. „ვფიქრობ, პირველ რიგში ორ პროცენტს უნდა მივაღწიოთ. ყურადღება ამაზე უნდა გავამახვილოთ და საბედნიეროდ ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ცივი ომის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები თავდაცვის სფეროში დაფინანსებას ამცირებდნენ, რადგან მისი გაზრდის საჭიროება არ იყო. თუმცა ახლა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მის გაზრდაზე უნდა იზრუნოს.

დონალდ ტრამპმა თავდაცვის სფეროში დაფინანსებასთან დაკავშირებით მორიგი უკმაყოფილება ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე, Twitter-ის საშუალებით გამოხატა. თვითმფრინავიდან, ბრიუსელში მიმავალმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა „ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ უნდა დავიცვათ, არამხოლოდ საკუთარ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ (თავდაცვის სფეროში ხარჯების გაზრდას ორ პროცენტამდე, რაც საკმაოდ დაბალია), არამედ მრავალი წელია, გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. აანაზღაურებენ თუ არა ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯებს?“

თეთრი სახლის ლიდერმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს 2014 წელს, ბუქარესტში მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ აქამდეც არაერთხელ მოუწოდა, რომელიც თავდაცვის სფეროში ხარჯების ორ პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთვევაში, დონალდ ტრამპი ნატო-ს პროგრამებში აშშ-ის მონაწილეობის შემცირებით იმუქრება.