დონალდ ტრამპი - ნატო-მ უნდა ჩამოაგდოს ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-მ უნდა ჩამოაგდოს ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდე, პრესასთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, უნდა ჩამოაგდონ თუ არა ალიანსის ქვეყნებმა რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში იჭრებიან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ვფიქრობ, რომ ასეა“.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა აშშ მხარს ნატო-ს მოკავშირეებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაში, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს „გარემოებებზე იქნება დამოკიდებული“.
„ეს გარემოებებზეა დამოკიდებული, მაგრამ იცით, ჩვენ ნატო-სთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს პასუხი იმასთან დაკავშირებით, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
„ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ერთ თვეში შევძლებ, კარგი?“ – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ენდობა თუ არა ტრამპი პუტინს.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, ჯერ მზად არ არის, განიხილოს აშშ-ის მონაწილეობა, ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, უკრაინისთვის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიების მიცემაში.
„ვიმედოვნებ, რომ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.