დონალდ ტრამპი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ძირეული ცვლილებები სჭირდება
დონალდ ტრამპი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ძირეული ცვლილებები სჭირდება

აშშ-ის ამოცანა საერთაშორისო ვაჭრობის რეფორმირებაა, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ძირეული ცვლილებები სჭირდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს 74-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის გაწევრიანების შემდეგ, ვაშინგტონმა სერიოზული ზარალი მიიღო.

„აშშ-ი ცდილობს ეკონომიკური უსამართლობის გამოსწორებას. ჩვენ გვსურს დაბალანსებული ვაჭრობა. გავაფორმეთ ახალი შეთანხმებები მექსიკასთან, კანადასთან. იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შევეცდები, დავასრულო ახალი სავაჭრო შეთანხმების მომზადების პროცესი. ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას გეგმავს და ჩვენ მზად ვართ ბრიტანეთთან ახალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის. ჩვენი ლიდერები ვარაუდობდნენ, რომ ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მისი ეკონომიკის ლიბერალიზაციას მოახდენდა, თუმცა გამოცდილებამ სრულიად საპირისპირო აჩვენა.

აშშ-მა 60 ათასი საწარმო დაკარგა მას შემდეგ, რაც ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიდა. ამ ორგანიზაციას რეფორმირება სჭირდება. გლობალიზმი ეროვნული ინტერესების იგნორირებას ახდენს. ჩინეთის პროდუქციაზე ტარიფების დაწესების შემდეგ აშშ-ის ბიუჯეტმა მილიარდობით დოლარი მიიღო. ვიმედოვნებთ, მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც ორივესთვის მომგებიანი იქნება. არასდროს დავნებდები ამერიკის ინტერესების დაცვის პროცესში. აშშ არ ეძებს ვინმესთან კონფლიქტს, ჩვენ გვსურს ორმხრივი თანამშრომლობა“ – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.