დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანის ლიდერებს, სიკვდილით არ დასაჯონ ცნობილი მოჭიდავე ნავიდ აფკარი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოუწოდებს ირანის ლიდერებს, არ დასაჯონ სიკვდილით ცნობილი მოჭიდავე ნავიდ აფკარი. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„გავიგე, რომ ირანი აპირებს, სიკვდილით დასაჯოს ჭიდაობის დიდი და პოპულარული ვარსკვლავი, 27 წლის ნავიდ აფკარი, რომლის ერთადერთი ქმედება იყო ანტისამთავრობო დემონსტრაცია ქუჩაში. ისინი აპროტესტებდნენ „ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებასა და ინფლაციას“. მივმართავ ირანის ლიდერებს, დიდად მადლობელი ვიქნები, თუ დაინდობთ ამ ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლეს და არ დასჯით მას სიკვდილით. გმადლობთ!“, – წერს დონალდ ტრამპი.
27 წლის სპორტსმენი ნავიდ აფკარი 2018 წლის აგვისტოში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააკავეს. სხვა ბრალდებებთან ერთად, ის საპროტესტო აქციის დროს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლის მკვლელობასა და უზენაესი ლიდერის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. უზენაესმა სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო. აფკარის 74 როზგი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სპორტსმენს აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მიაცემინეს. დაკავებულია ასევე ნავიდ აფკარის ორი ძმა.