დონალდ ტრამპი მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, რომელთა მიხედვით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მისი სარჩელები არ დაკმაყოფილდა
დონალდ ტრამპი მოსამართლეთა გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, რომელთა მიხედვით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მისი სარჩელები არ დაკმაყოფილდა

ჩვენ უფლებას არ გვაძლევენ, წარვადგინოთ ჩვენი მტკიცებულებები. ისინი ამბობენ, რომ ამის უფლება არ გვაქვს. მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს, ამის უფლება არ მაქვს? რა სახის სასამართლო სისტემაა ეს? – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს, რომელიც ტრამპის პირველი ინტერვიუა საპრეზიდენტო არჩევნების დღის შემდგომ.

დონალდ ტრამპმა მოსამართლეთა ის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა, რომელთა მიხედვით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული მისი სამართლებრივი სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ტრამპის თქმით, მას სურს ერთი დიდი სარჩელის შედგენა, ასობით მტკიცებულებებით, რომელიც არჩევნების გაყალბებას დაადასტურებს.

ტრამპი ჯორჯიის შტატის გუბერნატორის მიერ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების დამტკიცებასაც გამოეხმაურა. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მას რცხვენია, რომ მხარი დაუჭირა რესპუბლიკელ გუბერნატორს, ბრაიან კემპს, რომელმაც არჩევნების შედეგები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ დაამტკიცა.

„ჩემი აზრი ექვს თვეში არ შეიცვლება. აქ უდიდესი თაღლითობა მოხდა. თუ რესპუბლიკელები დაუშვებენ, რომ ეს მოხდეს, თქვენ ამ ქვეყნის ისტორიაში არასოდეს გეყოლებათ რესპუბლიკელი არჩეული სენატის ან საპრეზიდენტო დონეზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ დრომდე არ აღიარებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. ამის პარალელურად, ჯო ბაიდენმა საკუთარი ადმინისტრაციის წევრები ნაწილობრივ უკვე წარადგინა.