დონალდ ტრამპი - მინესოტაში ეკლესიაზე თავდასხმა აგიტატორებმა მოაწყეს, სპეციალურად არიან გაწვრთნილი, რომ იყვირონ და აღშფოთდნენ, არეულობის მომწყობები ციხეში უნდა ჩასვან ან ქვეყნიდან გააძევონ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მინესოტის შტატში მდებარე ეკლესიაში ღვთისმსახურება პროფესიონალმა აგიტატორებმა და ამბოხის მომწყობემა ჩაშალეს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ახლახან ვნახე ჩანაწერი მინესოტაში ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც აგიტატორებმა და ამბოხის მომწყობებმა მოაწყეს. ეს ადამიანები პროფესიონალები არიან. ნორმალური ადამიანები ასე არ იქცევიან. ისინი სპეციალურად არიან გაწვრთნილი, რომ იყვირონ, აღშფოთდნენ და გაგიჟებულებივით იბობოქრონ, ზუსტად ისე, რასაც ახლა ვხედავთ. ესენი არიან არეულობის მომწყობები, რომლებიც ციხეში უნდა ჩასვან ან ქვეყნიდან გააძევონ“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, მინესოტაში განვითარებული მოვლენების გამო შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცი და ამავე შტატიდან წარმომადგენელთა პალატის წევრი ილჰან ომარი უნდა გადადგნენ. მან პოლიტიკოსები კორუფციაში დაადანაშაულა და მათი საქმიანობის გამოძიება მოითხოვა.
ცნობისთვის, 18 იანვარს დემონსტრანტთა ჯგუფი მინესოტის შტატის ქალაქ სენტ პოლში მდებარე ეკლესიაში შეიჭრა, სადაც მათ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ და აქტივისტ რენე გუდის მხარდასაჭერად ლოზუნგების სკანდირება დაიწყეს.
შეგახსენებთ, მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში 7 იანვარს, არალეგალი იმიგრანტების საწინააღმდეგო ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ქალი მოკლეს. ამის გამო მინესოტაში საპროტესტო აქციები არ წყდება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტები ეკლესიაში იმის გამო შეიჭრნენ, რომ აღნიშნული ტაძრის ერთ-ერთი პასტორი ასევე ხელმძღვანელობს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) ადგილობრივ განყოფილებას.