დონალდ ტრამპი მერებსა და გუბერნატორებს მოუწოდებს, სიამაყე დროებით გვერდზე გადადონ და ეროვნული გვარდიის დახმარებით ისარგებლონ
დონალდ ტრამპი მერებსა და გუბერნატორებს მოუწოდებს, სიამაყე დროებით გვერდზე გადადონ და ეროვნული გვარდიის დახმარებით ისარგებლონ

დონალდ ტრამპი მერებსა და გუბერნატორებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში ეროვნული გვარდია დაიხმარონ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერნეციაზე გააკეთა.

„დაგვირეკეთ, ჩვენ მზად ვართ. ჩვენ ასე მოვიქეცით მინესოტაში. მინეაპოლისში საოცრად ვიმოქმედეთ, მაშინ როდესაც ქალაქს ანადგურებდნენ. ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიმოქმედეთ. მე დავურეკე გუბერნატორს. ქალაქში ეროვნული გვარდია შევიდა და ყველაფერი ერთ ღამეში დასრულდა. პრობლემა აღარ არსებობდა. ახლა იქ საერთოდ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ტრამპმა.

მან მოუწოდა სხვა შტატების გუბერნატორებს „სიამაყე დროებით გვერდზე გადადონ და ეროვნული გვარდიის დახმარებით ისარგებლონ.“

„დაუძახეთ ეროვნულ გვარდიას. დამირეკეთ მე. თქვენი ხალხი უნდა დომინირებდეს ქუჩებში. არ შეიძლება იმის დაშვება, რაც მოხდა მაგალითად ნიუ იორკში, სადაც მაღაზიები გაძარცვეს და მცირე ბიზნესი დაზარალდა. თანასწორი მართლმსაჯულება ნიშნავს, რომ ყველა ამერიკელს თანაბრად ეპყრობიან პოლიციასთან შეხების დროს. თანასწორი მიდგომა უნდა იყოს ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, სქესისა და აღმსარებლობისა. ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა გასულ კვირას და ეს აღარ უნდა განმეორდეს. იმედია, ჯორჯ ფლოიდი გვიყურებს ახლა და ფიქრობს, რომ ქვეყანაში საქმე ძალიან კარგად მიდის. ეს ძალიან დიდი დღეა ყველასთვის, ქვეყნისთვის, თანასწორობისთვის. ეს არის ის, რასაც კონსტიტუცია მოითხოვს“, – განაცხადა ტრაპმა.

პრეზიდენტის თქმით, მას სურს, რომ „ეს ყველაფერი დასრულდეს“.

ამავე გამოსვლაში ტრამპმა შეაქო ამერიკელი სამხედროები და ეროვნული გვარდია.

„ამ ხალხმა საოცარი სამუშაო შეასრულა. ისინი დაეხმარნენ საიდუმლო სამსახურს ვაშინგტონში. ეს დაუჯერებელი სამუშაოა, რომელიც მათ წარმატებით შეასრულეს. ასევე საოცრად იმოქმედა საიდუმლო სამსახურმა. ჩვენ ასევე დაგვეხმარა ვაშინგტონის პოლიცია“, – განაცხადა ტრამპმა.

მინეაპოლისში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ამ შემთხვევას მოჰყვა აქციები და ძალადობა, რომელიც ქალაქში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. დემონსტრანტებმა დაწვეს ადგილობრივი პოლიციის შენობა, იყო მაროდიორობის შემთხვევებიც. არეულობის შემდეგ ქალაქში ეროვნული გვარდია გაგზავნეს.

მოგვიანებით, არეულობა აშშ-ის 40-ზე მეტ ქალაქში გავრცელდა. მათ შორის იყო ვაშინგტონი, სადაც პოლიციასთან შეტაკებები მოხდა თეთრ სახლთანაც. საპასუხოდ ბევრ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს და მობილიზებული იყო ეროვნული გვარდია.

დატოვე კომენტარი