დონალდ ტრამპი – მე ყოველთვის ველაპარაკები პრეზიდენტ ერდოღანს, ის ჩემი მეგობარია, მას ყოველთვის გავახარებ

18:02, 03.10.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს, თავისი თურქი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ყოველთვის გაახაროს“.

ტრამპმა ალაბამაში გამგზავრებამდე თეთრ სახლში CNN Türk-ის კორესპონდენტის შეკითხვაზე, რატომ არ ხსნის აშშ თურქეთის წინააღმდეგ  სანქციებს მას შემდეგ, რაც ივლისში ნატო-ს სამიტზე ტრამპმა ერდოღანს მხარდაჭერა გამოუცხადა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ერდოღანი მისი მეგობარია და მას ყოველთვის გაახარებს.

„მე ყოველთვის ველაპარაკები პრეზიდენტ ერდოღანს. ის ჩემი მეგობარია, როგორც იცით. მე მას ყოველთვის გავახარებ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტს.

მედიის ცნობით,  ივლისში თურქეთში ნატო-ს სამიტის ფარგლებში ერდოღანთან შეხვედრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მას თურქეთისთვის CAATSA-ს (ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ბრძოლა სანქციების აქტი) სანქციების მოხსნა სურდა და „აბსოლუტურად“ განიხილავდა ანკარისთვის F-35 გამანადგურებლების შეძენის ნებართვის მიცემას.

ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-მ თურქეთი F-35 პროგრამიდან გამორიცხა მას შემდეგ, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა შეიძინა. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სისტემა საფრთხეს უქმნიდა F-35 თვითმფრინავებს და შეუთავსებელი იყო ნატო-ს სისტემებთან. 2020 წლის დეკემბერში აშშ-მ CAATSA-ს ფარგლებში სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და რამდენიმე მაღალჩინოსანს S-400-ის შეძენასთან დაკავშირებით.

მსგავსი